აკადემიის ისტორია

სამხედრო სასწავლებლების ისტორია, საქართველოში, 1862 წელს, თბილისის სამხედრო სკოლის დაარსებით იწყება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მმართველობის პერიოდში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელმძღვანელობით, 1919 წლის შემოდგომაზე, ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლა შეიქმნა, რომელიც 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შედეგად გაუქმდა. კომუნისტური მმართველობის დროს, სამხედრო სკოლა ჯერ წითელარმიელ კურსანტთა სამხედრო სასწავლებლად, შემდეგ კი თბილისის საარტილერიო სასწავლებლად გადაკეთდა, რომელმაც 1991 წლამდე იარსება.

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია შეიქმნა, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის 1 სექტემბერს მიიღო. აკადემიაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს „კურსანტები“ ეწოდათ, რომელიც მალე „მსმენელით“ შეიცვალა. მოგვიანებით, სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა. 2013 წლიდან, აკადემიის მსმენელებს, 1921 წელს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნის პატივსაცემად, ისტორიული სახელი „იუნკერი“ დაუბრუნდათ.

2003 წლის 20 თებერვალს, აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა. 2009 წლის ნოემბერში, სასწავლებელი ქალაქ გორში გადაიტანეს. 2010 წელს, აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა მოიცვა. 2010 წლის 8 დეკემბერს, აკადემიამ თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვა. საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნულ თავდაცვის აკადემიას მინიჭებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

ამჟამად, აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებს საბაკალავრო სკოლა, სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი, უმცროს ოფიცერთა სკოლა და ენობრივი მომზადების სკოლა.