პირველი კურსის იუნკერების ფიცის დადების ცერემონია

დღეს, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამწყობრო მოედანზე აკადემიის პირველი კურსის 58-მა იუნკერმა ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი დადო.

ფიცის დადებამდე იუნკერებმა და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი ნუკრი გელაშვილი და თავდაცვის უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

მინისტრის მოადგილემ პირველი კურსის იუნკერებს საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამხედრო ფიცის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: "დღეს, თქვენ მიიღეთ ფიცი და აცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას თან ახლავს, ოთხი წლის შემდეგ თქვენ გახდებით საქართველოს შეიარაღებული ძალების ღირსეული ოფიცრები და პასუხისმგებლები იქნებით ყველა იმ სამხედრო მოსამსახურეზე, რომელიც თქვენ გვერდით იქნება".

აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლა და სამხედრო ფიცის დადება აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ მიულოცა.

ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ იუნკერთა ოჯახის წევრები, რომლებიც ღონისძიების ბოლოს საკონფერენციო დარბაზში აკადემიის ბენდის მიერ გამართულ კონცერტს დაესწრნენ და იუნკერებთან ერთად სამხედრო ლანჩიც მიირთვეს.

პირველი კურსის იუნკერებმა გაიარეს ოთხკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი, რომელიც მოიცავდა თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს ახალწვეული სამოქალაქო პირების სამხედრო მოსამსახურეებად გარდაქმნას. კურსის განმავლობაში იუნკერები დაეუფლნენ სამხედრო მოსამსახურის ჩამოყალიბებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.

06.10.2017