რეგიონალური ტრენინგი მშვიდობა და უსაფრთხოება

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ევროკავშირის ერაზმუს+ დაფინანსებით ოთხდღიანი ტრენინგ-მოდული "მშვიდობა და უსაფრთხოება" გაიმართა. საქართველოში ტრენინგი ქართული და უცხოური უნივერსიტეტების პროფესორების საერთო ძალისხმევით განხორციელდა.
ტრენინგ-მოდულს ეროვნული თავდაცვის აკადემიის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის იუნკერები ესწრებოდნენ. ტრენინგზე განხილული იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის ნაციონალიზმის როლი, საერთაშორისო კონფლიქტები, განიარაღებისა და დემობილიზაციის მოლაპარაკებები, ომის კონცეფციები, სამშვიდობო ოპერაციების პრაქტიკა და კავკასიის კონფლიქტების ისტორია.
აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში მშვიდობისა და კონფლიქტების სამეცნიერო დისციპლინის განვითარება და ამ სფეროს ქართველი მეცნიერების მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაცია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხების შესახებ აკადემიის იუნკერების ცნობიერების ამაღლება.

07.06.2018