აკადემიაში იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის იუნკერების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა დასრულდა. ოთხი დღის განმავლობაში იუნკერებმა კომისიის წევრებს წარუდგინეს ნაშრომები ინფორმატიკის, მენეჯმენტისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

საბაკალავრო ნაშრომი ინფორმატიკის მიმართულებით - 33 იუნკერმა, მენეჯმენტის მიმართულებით - 32 იუნკერმა და თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით - 23 იუნკერმა დაიცვა.

საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესი საინტერესოდ მიმდინარეობდა, იუნკერთა საბაკალავრო თემები ეხებოდა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კიბერუსაფრთხოების მართვა თანამედროვე კომპიუტერულ ქსელებსა და სისტემებში, ოპტიმალური გადაწყვეტილებები შერეულ სტრატეგიებში - რეალიზაცია C# ში, ძალაუფლებისა და პოლიტიკის როლი ორგანიზაციის განვითარებაში, მარკეტინგული გარემო და მისი გავლენა ორგანიზაციის წარმატებაზე, ომის დანაშაული შეირაღებული კონფლიქტების დროს, ჰიბრიდული ომის ტრანსფორმაცია 90-იანი წლებიდან დღემდე და სხვა.

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა იუნკერებს საშუალებას აძლევს მოახდინონ სწავლის განმავლობაში მიღებული ცოდნის შეჯამება, კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლენა. იუნკერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვას მოიპოვებენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და შესაძლებლობა ექნებათ სწავლა განაგრძონ უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე.

06.07.2018