სტაჟირების პროგრამის მონაწილე სტუდენტების გაცილება

დასრულდა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს გაეროს ასოციაციისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებით შემდგარი შესარჩევი კომისიის მიერ სტაჟირების გავლის მიზნით შერჩეული ხუთი აპლიკანტის სტაჟირება.

სამი თვის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტებმა სტაჟირება აკადემიის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში: ფინანსების მართვის სამმართველოში, საერთაშორისო ურთიერთობის განყოფილებაში, ბიბლიოთეკაში, ენობრივი მომზადების განყოფილებასა და იურიდიულ სამმართველოში გაიარეს.

სტუდენტების გაცილების ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

სტაჟირების საპილოტე „1+4“ პროგრამა, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს სტაჟირება გაიარონ ცალკეულ საჯარო უწყებებში და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში. აღნიშნული პროგრამა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველო სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და საქართველოს გაეროს ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

07.08.2017