თანამშრომლობა

ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე ეროვნული თავდაცვის აკადემია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელსა და ორგანიზაციასთან. ყოველწლიურად კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აკადემიური პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, იუნკერები და მსმენელები იგზავნებიან საზღვარგარეთ პარტნიორ დაწესებულებებში. ადგილობრივ დონეზე იუნკერები და მსმენელები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა აკადემიურ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებაში. 

აკადემიის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მჭიდრო პარტნიორული კავშირების დამყარებას როგორც საზღვარგარეთის, ასევე ადგილობრივ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ორგანიზაციებსა და კვლევით ინსტიტუტებთან. საქართველოში სამხედრო განათლების საყრდენს ეროვნული თავდაცვის აკადემია წარმოადგენს, რომლის პრესტიჟულ, ავტორიტეტულ სამხედრო სასწავლებლად ჩამოყალიბება და ფუნქციონირება როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე, მხოლოდ საუკეთესო გამოცდილების გაანალიზებითა და დანერგვით არის შესაძლებელი. 

აკადემიის ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გააქტიურება წარმოადგენს. აკადემიაში ადგილობრივი და უცხოელი მკვლევარების მოწვევა და მათი მხარდაჭერით სხვადასხვა მიმართულებით კვლევითი პროექტების განხორციელება განაპირობებს აკადემიაში არსებული ცოდნისა და პროფესიული პრაქტიკის გადახალისებას. გარდა ამისა, ხარისხიანი კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად აკადემია მუშაობს უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთობლივი პუბლიკაციებისა და სამეცნიერო სტატიების გამოცემაზე, ასევე სამეცნიერო ელექტრონულ მონაცემთა ბაზებზე წვდომის მოსაპოვებლად.

აკადემია აქტიურადაა ჩართული Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ადგილობრივ და საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში, რაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აკადემიის ინსტიტუციური განვითარების გზაზე.

ეროვნული თავდაცვის აკადემია მუდმივად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე აკადემიის ცნობადობისა გაზრდასა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებაზე.