ორგანიზაციული სტრუქტურა

ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილება

 

სსიპ – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილების დებულება

 

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში – აკადემია) სასწავლო დაწესებულებების ფსიქოლოგიური მომსახურების განყოფილების (შემდგომში – განყოფილება) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს განყოფილების საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. განყოფილება წარმოადგენს აკადემიის დამხმარე სტრუქტურულ ერთეულს.
  3. განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს კანონმდებლობის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  4. განყოფილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია რექტორის და რექტორის სამოქალაქო პირის სტატუსის მქონე მოადგილის (შემდგომში - მოადგილე) წინაშე ასრულებს აკადემიის რექტორის და მოადგილის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ მოვალეობებს;

 

მუხლი 2. განყოფილების ამოცანა

განყოფილების ამოცანაა აკადემიის სამხედრო პერსონალის, იუნკერთა და მსმენელთა სწავლების, ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და  კონსულტირების, აგრეთვე სასწავლო პროცესის ეფექტური მართვის მონიტორინგი.

 

მუხლი 3. განყოფილების ძირითადი ფუნქციები

  1. 1. განყოფილების ფუნქციებია:

ა) იუნკრების და მსმენელების ფსიქოლოგიური მდგომარეობის პერიოდული პროფილაქტიკური შეფასება. სათანადო ფსიქოლოგიური კვლევების   საშუალებით მიღებულ შედეგებზე რეაგირება;

ბ) აკადემიის სამხედრო პერსონალისა ცოდნის დონის სამაღლება ფსიქო–სოციალური ადაპტაციის საკითხებში,  ემოციური მდგომარეობის მართვის და კომუნიკაციის  უნარ - ჩვევების გაღრმავება;

გ) მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, სამხედრო პერსონალისათვის ფსიქო–სოციალური ადაპტაციის და რეაბილიტაციის ღონისძიებების დაგეგმვა,ჩატარება, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური მდგრადობა, რაც აუცილებელია წარმატებულ საომარ მოქმედებებში, სასწავლო-საბრძოლო ოპერაციებში და მისიებში მონაწილეობისათვის;

დ) იუნკრებთან და მსმენელებთან ლექცია-სემინარების ჩატარება ფსიქოლოგიაში (ფსიქოლოგიის საფუძვლების, სოციალური და სამხედრო ფსიქოლოგიის საკითხებში);

ე) კომპეტენციის ფარგლებში დასკვნების წარმოდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 

მუხლი 4. განყოფილების სტრუქტურა და ხელმძღვანელობა

  1. განყოფილების სტრუქტურა ითვალისწინებს: განყოფილების უფროსს და დამხმარე პერსონალს.
  2. განყოფილების უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიის რექტორი.
  3. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის;

გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის პრიორიტეტებს და პასუხისმგებელია მის განხორციელებაზე;

დ) ხელმძღვანელობს განყოფილების მოკლე და გრძელვადიანი სამუშაო გეგმების  შემუშავებასა და მათ შესრულებას;

ე) ხელს აწერს განყოფილებაში შემუშავებულ დოკუმენტებს;

ვ) წარადგენს განყოფილების ყოველწლიურ ანგარიშს აკადემიის რექტორის წინაშე;

ზ) წარმოადგენს წინადადებებს განყოფილების თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს განყოფილების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, აკადემიის წესდებითა და ამ დებულებით  განსაზღვრულ  ფუნქციებსა და დავალებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში.

  1. განყოფილების პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

 

მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ დოკუმენტის მიღებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად.