სამხედრო განათლება

უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა

სსიპ  – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის დებულება

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. ეს დებულება განსაზღვრავს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის (შემდგომში - აკადემია) უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის (შემდგომში - სკოლა) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
  2. სკოლა წარმოადგენს აკადემიის საგანმანათლებლო (სტრუქტურულ) ერთეულს.
  3. სკოლა თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საკანონმდებლო აქტების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აკადემიის წესდების, აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
  4. სკოლა ანგარიშვალდებულია აკადემიის რექტორის და რექტორის პირველი მოადგილის  წინაშე.

 მუხლი 2. სკოლის  ამოცანა

სკოლის ამოცანაა, მსმენელთა მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის, არსებული სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მომზადება, აღსრულება და შეფასება, ასევე მსმენელთა დისციპლინის ამაღლებისა და გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

 მუხლი 3. სკოლის  ძირითადი ფუნქციები

  1. სკოლის ძირითადი ფუნქციებია:

         ა)  სწავლების/სწავლის ხარისხის ზრდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან ესაბამისობაში მოყვანა;

        ბ) მსმენელთა პროფესიული, ინტელექტუალური, პიროვნული, და ზნეობრივი    დონის ამაღლება;

        გ) აკადემიის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროცესის განვითარების ხელშეწყობა;

       დ) პირადი შემადგენლობის და დამხმარე პერსონალის პროფესიული დონის ამაღლება;

        ე) სამხედრო  განათლების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;

        ვ) კომპეტენციის ფარგლებში, აკადემიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებით სასწავლო-მატერიალური ბაზის დაგეგმვა და ორგანიზება;

       ზ) სასწავლო პროგრამების, სასწავლო გეგმების მომზადება და წარდგენა აკადემიური საბჭოსათვის დამტკიცების მიზნით.

  1. თავისი ფუნქციების შესასრულებლად სკოლა:

        ა) წარმომადგენლის მეშვეობით მონაწილეობს აკადემიური საბჭოს მუშაობაში;

        ბ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სასწავლო პროგრამებს და წარუდგენს   დასამტკიცებლად აკადემიურ საბჭოს;

        გ) ახორციელებს სკოლის პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად  შესაბამის ღონისძიებებს;

       დ) აღრიცხავს სკოლის შეიარაღებას, საბრძოლო აღჭურვილობას და სხვა ქონებას;

        ე) კომპეტენციის ფარგლებში უზურნველყოფს მსმენელთა ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;

       ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მსმენელთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად შესაბამისი ღონისძიებების გატარებას;

      ზ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით, ამ დებულებითა და რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

 მუხლი 4. სკოლის ხელმძღვანელობა

  1. სკოლას ხელმძღვანელობს სკოლის უფროსი, რომელსაც აკადემიის რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
  2. სკოლის უფროსი:

       ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სკოლის საქმიანობას;

       ბ) ოფიცერთა სამხედრო განათლების კონცეფციის დამტკიცების შესაბამისად, უზრუნველყოფს სასწავლო გეგმისა და სასწავლო პროგრამის შედგენას;

       გ) კონტროლს უწევს უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და ჩატარებას;

      დ) კონტროლს უწევს ინსტრუქტორთა მიერ მეცადინეობების ჩატარებას და მის ხარისხს;

       ე) მონაწილეობს აკადემიის სასწავლო წლის ძირითადი ღონისძიებების კალენდარული გეგმის და გრაფიკის პროექტის შემუშავებაში;

       ვ) სკოლის  მუშაობის წლიურ ანგარიშს წარუდგენს რექტორს;

      ზ) მსმენელთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის/დაკვირვების საფუძველზე, მათი თანამდებობრივი გადადგილების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლების და შესაბამისი სამხედრო განათლების მიღების განსახორციელებლად უზრუნველყოფს შესაბამისი რეკომენდაცია/ დახასიათებების და შეფასების ფორმების მომზადება/წარდგენას;

      თ) ხელმძღვანელობს სკოლის სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებასა და კონტროლს;

       ი) წარუდგენს აკადემიურ საბჭოს სკოლის  წარმომადგენელს;

       კ) ორგანიზებას უკეთებს და ხელმძღვანელობს ინსტრუქტორთა გადამზადება/მომზადებას;     

     ლ) განიხილავს გამოცდების და შეფასებების შედეგებს და იღებს საჭირო ზომებს გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;

      მ) ფარგლებში მონაწილეობს აკადემიის სკოლის ბიუჯეტის შემუშავებაში;

      ნ) სკოლის ოპტიმიზაციის მიზნით წარადგენს წინადადებებს საშტატო ნუსხაში ცვლილებებთან დაკავშირებით;

     ო) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ პირად შემადგენლობას  შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

      პ) აკონტროლებს სკოლის სტრუქტურული ერთეულების მუშაობას, თანამშრომელთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას და დისციპლინის დაცვას;

      ჟ) ახორციელებს სკოლის  პირადი შემადგენლობის საბრძოლო მომზადების დონის ასამაღლებლად და შესანარჩუნებლად შესაბამის ღონისძიებებს;

     რ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების ზომების დაცვას მეცადინეობის ჩატარების დროს;

      ს) ატარებს შესაბამის ღონისძიებებს მსმენელთა მაღალი აკადემიური მოსწრებისა და დისციპლინის ასამაღლებლად;

     ტ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მსმენელთა ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;

     უ) საბრძოლო ამოცანის შესრულებისას, ახორციელებს  სკოლის მართვასა და კონტროლს;

     ფ) აკადემიის რექტორს და რექტორის პირველ მოადგილეს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სკოლის მუშაობის, ორგანიზაციის, დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, შენარჩუნების წახალისების ან/და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;

     ქ) ახორციელებს აკადემიის წესდებით, ამ დებულებითა და აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა მოვალეობებს;

ღ) ასრულებს რექტორისა და რექტორის პირველი მოადგილის მითითებებსა და დავალებებს.

 

მუხლი 5.  სკოლას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

  1. სკოლას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი;

ბ) რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსი.

 

  1. სკოლას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებია:

ა) ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის ფუნქციები:

     ა.ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარებას;

     ა.ბ) ახორციელებს კურსის პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებას და სამხედრო დისციპლინის დაცვას;

     ა.გ) კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს დაგეგმილი სასწავლო პროცესის შესრულებას, ორგანიზებას უკეთებს მის მიმდინარეობას;

     ა.დ) მონაწილეობას ღებულობს სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნაში და გაუმჯობესებაში, უზრუნველყოფს მის სწორ ექსპლუატაციას;

     ა.ე) მონაწილეობს აკადემიის და სკოლის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში;

     ა.ვ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას მეცადინეობის ჩატარების დროს;

    ა.ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მსმენელთა ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;

    ა.თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

ბ) რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსის ფუნქციები:

     ბ.ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სასწავლო პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას და ჩატარებას;

     ბ.ბ) ახორციელებს კურსის პირადი შემადგენლობის პროფესიულ მომზადებას და სამხედრო დისციპლინის დაცვას;

     ბ.გ) უზრუნველყოფს სასწავლო მეთოდური მუშაობის ორგანიზებულად წარმართვას;

     ბ.დ) მონაწილეობას ღებულობს სასწავლო-მატერიალური ბაზის შექმნაში და გაუმჯობესებაში, უზრუნველყოფს მის სწორ ექსპლუატაციას;

     ბ.ე) მონაწილეობს აკადემიის და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებში;

     ბ.ვ) უზრუნველყოფს უსაფრთხოების ღონისძიებების გატარებას მეცადინეობის ჩატარების დროს;

    ბ.ზ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მსმენელთა ფიზიკური მომზადების ორგანიზებას;

    ბ.თ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;

  1. სკოლას დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც რექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
  2. სკოლას დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის უფროსი პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულის ფუნქციების შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია სკოლის მეთაურის წინაშე.
  3. სკოლის პერსონალის ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება მათი სამუშაო აღწერილობებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიის რექტორი.

 მუხლი 6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება აკადემიის აკადემიური საბჭოს დადგენილებით.