აკადემიის შესახებ

აკადემიის ისტორია

სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია არის სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიას წარმოადგენს ქვეყნისა და სამინისტროსათვის ღირსეული, მაღალი ეთიკის, მტკიცე მორალისა და ლიდერის თვისებების მქონე  ოფიცერთა კორპუსის მომზადება, რომელთაც აქვთ სამხედრო და აკადემიური უმაღლესი განათლება

 

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მოკლე ისტორია

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია 1918 წლიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება, მას შემდეგ რაც 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლობითმა ორგანომ - საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დღის წესრიგში დადგა ოფიცერთა ეროვნული კადრების მომზადების საკითხი. საქართველოს ეროვნული საბჭოსა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ 1918 წლის 20 აგვისტოს გამართულ სხდომაზე დამტკიცებულ იქნა ,,კანონი საქართველოს რესპუბლიკის რეგულიარული არმიის ორგანიზაციისა“, რომლის თანახმად ,,იუნკერთა მოსამზადებლად არსდებოდა სამხედრო სკოლა“.

იუნკერთა სამხედრო სკოლის მთავარი დანიშნულება მომავალ ოფიცერთა არა მხოლოდ სამხედრო კუთხით გაწვრთნა და მათი სამხედრო ხელოვნებასთან ზიარება, არამედ, პირველ რიგში, მათში ქართული სულის გამოღვიძება და ეროვნული სულისკვეთებით აღზრდა უნდა ყოფილიყო. როგორც მისი პირველი უფროსი, გენერალი გიორგი კვინიტაძე აღნიშნავდა ,,ეს უნდა ყოფილიყო არა სასწავლებელი, არამედ ქართული სამხედრო აზროვნების სამჭედლო, ქართული სამხედრო დოქტრინის კათედრა“.

სამხედრო სკოლამ ფუნქციონირება 1919 წლის სექტემბერში დაიწყო, ხოლო მისმა პირადმა შემადგნლობამ, იუნკერთა პირველმა კურსმა, საბრძოლო ნათლობა 1920 წლის მაისში რუსეთ-საქართველოს პირველ ომში მიიღო. 

1921 წლის თებერვალში,  რუსეთ-საქართველოს მეორე ომის დროს, მე-11 წითელ არმიის შენაერთებთან ბრძოლაში მონაწილეობას ქართული სამხედრო სკოლის უკვე 148 იუნკერი იღებდა. ისინი ბოლომდე იდგნენ საბრძოლო პოზიციებზე და ბოლომდე ეკავათ მათზე გაპიროვნებული ფრონტის ხაზი. აღნიშნულის შემდეგ, ქართულ სინამდვილეში სიტყვა „იუნკერი“ დამკვიდრდა, როგორც თავდადების, ღირსების და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლო.

კომუნისტური მმართველობის დროს, ქართული სამხედრო სკოლა ჯერ წითელარმიელ კურსანტთა სამხედრო სასწავლებლად, შემდეგ კი თბილისის საარტილერიო სასწავლებლად გადაკეთდა, რომელმაც 1991 წლამდე იარსება.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, დღის წესრიგში ისევ დადგა  ახლადშექმნილი ქართული შეიარაღებული ძალების  ოფიცერთა ეროვნული კადრებით დაკომპლექტების  საკითხი. სასწავლებელში ქართველი მხედრობა დაბრუნდა და 1991 წლის ბოლოდან გაიხსნა ზემდეგთა მომზადებისა და ოფიცერთა გადამზადების კურსები.

1993 წლის 28 მაისს, საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის გაერთიანებული სამხედრო აკადემია, რომელმაც მსმენელთა პირველი ნაკადი 1993 წლის სექტემბერში მიიღო. მოგვიანებით სასწავლებელს ჯერ თავდაცვის ეროვნული აკადემია, ხოლო შემდგომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია ეწოდა.

2003 წლის 20 თებერვალს უმაღლეს სასწავლებელს დავით აღმაშენებლის სახელი მიენიჭა. 2009 წლის ნოემბერში  აკადემია ქ. გორში იქნა დისლოცირებული. 2010 წელს აკადემიაში რეფორმების ახალი ეტაპი დაიწყო, რომელმაც ოფიცერთა განათლების მთელი სისტემა მოიცვა. 2010 წელს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, აკადემიამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მოიპოვა. ეროვნული თავდაცვის აკადემიას აგრეთვე მინიჭებული აქვს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსიც.

2014 წლის 28 მაისს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, 1921 წლის თებერვლის ბრძოლებში დაღუპული იუნკერების პატივსაცემად და მათი სახელის უკვდავსაყოფად სსიპ-დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის მსმენელს „იუნკერი“ ეწოდა.

ამჟამად, აკადემიაში წარმატებით ფუნქციონირებენ: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, იუნკერთა სასწავლო ბატალიონი და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლა.