ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამებს.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია სსიპ- დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მისიის შესაბამისად, თავდაცვის ძალების და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მოამზადოს უმაღლესი აკადემიური და სამხედრო განათლების, ეთიკური, მტკიცე მორალის და ლიდერის თვისებების მქონე ოფიცერთა კორპუსი, უზრუნველყოს ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტების მომზადება თავდაცვის ძალების და ქვეყნის სამსახურისთვის, რომელთაც ექნებათ ოფიცრის წოდება, შეძლებენ სწავლის შემდგომ გაგრძელებას საქართველოს ან მის ფარგლებს გარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლების მეორე საფეხურზე - მაგისტრატურაში, ჰქონდეთ წარმატებული კარიერული წინსვლა თავიანთი შესაძლებლობების რეალიზების გზით, როგორც პროფესიულ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ აკადემიური პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მოწვეული სპეციალისტები და მასწავლებლები, რომელთაც აქვთ საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებისა და შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, საგანმანათლებლო პროგრამების პროფილის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში იუნკერი თავდაცვის სამინისტროსთან აფორმებს 9-წლიან კონტრაქტს, რაც ითვალისწინებს 4-წლიან სწავლებასა და 5-წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს. სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას - "ლეიტენანტი''.