ეროვნული თავდაცვის აკადემია ამიერკავკასიაში ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სამხედრო დაწესებულებაა, რომელიც თანამედროვე მეთოდებით, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი, კონკურენტუნარიანი ოფიცრების მომზადებას უზრუნველყოფს. განვითარებული, წარმატებული და მაღალი ზნეობრივი შეგნების მქონე ოფიცერთა კორპუსის ჩამოყალიბება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ძირითადი პრიორიტეტია.
დღეს, აკადემიაში ფუნქციონირებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის პროგრამები და ქართულ ენაში მომზადების პროგრამა.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები წარმოადგენს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის პროგრამებს და ესენია: მენეჯმენტი, ინფორმატიკა, მექანიკის ინჟინერია, საავიაციო ინჟინერია, სამართალი და თავდაცვა და უსაფრთხოება.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ოფიცრის უმაღლესი სამხედრო განათლებისა და აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურს, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის ძალების ოფიცრებისა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლების აუცილებელი კომპეტენციების და უნარ-ჩვევების განვითარებას.
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებია: თავდაცვის ანალიზი; სახელმწიფო რესურსების მართვა; უსაფრთხოების კვლევები.
ეროვნული თავდაცვის აკადემია საქართველოს თავდაცვის ძალებში მომსახურე სამხედრო პერსონალს და სამოქალაქო პირებს საშუალებას აძლევს გაიარონ ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსი ან რეზერვის ოფიცერთა მომზადების კურსი და მიიღონ ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება. აკადემიაში ასევე ფუნქციონირებს ქართულ ენაში მომზადების პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულენოვანი მსმენელებისათვის B1+ დონეზე ქართული ენის (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი) შესწავლას. აღნიშნული პროგრამის გავლა აუცილებელია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გასაგრძელებლად.
ეროვნული თავდაცვის აკადემია განთავსებულია კეთილმოწყობილ და თანამედროვე სტანდარტებით აგებულ ბაზაზე, სადაც ყველა პირობაა შექმნილი სწავლის, განვითარების, ფიზიკური წრთობისა და დასვენებისთვის. აკადემიაში ფუნქციონირებს სხვადასხვა სპორტული სექცია და თვითშემოქმედების წრე. იუნკერებსა და მსმენელებს, ასევე აქვთ საშუალება აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო აქტივობებში.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის თანამედროვე ინფრასტრუქტურა საუკეთესო განათლების მიღების შესაძლებლობას იძლევა. აკადემიაში ფუნქციონირებს კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი და სამხედრო, აკადემიური და საკითხავი ლიტერატურით (54000-ზე მეტი წიგნი ქართულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე) მდიდარი ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და საგამოცდო ცენტრი. აკადემიის კეთილმოწყობილი სპორტული კომპლექსი, სპორტული დარბაზი და სარეკრეაციო ზონა თავისუფალი დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალებას იძლევა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის აკადემიური და სამხედრო მიმართულებების ინტეგრირებული პროგრამები, კვალიფიციური აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სამხედრო ინსტრუქტორები, მაღალი სტანდარტის ინფრასტრუქტურა, სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები მაღალი დონის სამხედრო და სამოქალაქო განათლების მიღების მყარ წინაპირობას ქმნის.