ყველა ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე, გამონაკლისი არც დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაა, იმ განსხვავებით, რომ აქ არა უბრალოდ ჯარისკაცები, არამედ იუნკერები ირიცხებიან და სამოქალაქოსთან ერთად სამხედრო განათლებასაც იღებენ. რაც შეეხება გენერლობაზე ოცნებას, "ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამის" საშუალებით, რომელიც 6 თვის წინ ამოქმედდა იუნკერებს (ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტუდენტები) შესაძლებლობა აქვთ გენერლობა არა, მაგრამ ბატალიონის მეთაურობა იტვირთონ.
ამბიციური პროგრამა იუნკერებს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის შემთხვევაში საინტერესო პერსპექტივის წინაშე აყენებს.
იუნკერი გიორგი სიმონია 22 წლისაა. უკვე მე-4 წელია რაც "ეთა"-ში სწავლობს. მან სამხედო ცხოვრება 16 წლის ასაკიდან აირჩია, ამბობს, რომ ამ გზას ის გაცნობიერებულად დაადგა. გიორგი იმერეთიდან, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარიდან არის.
"სამხედრო ცხოვრება თავის თავში გარკვეულ "მსხვერპლს" მოითხოვს. იშვიათად ვნახულობ მეგობრებს, ოჯახს - პრაქტიკულად ვერ ვახერხებ ქორწილებში და დაბადების დღეებზე სიარულს (იცინის)" - ამბობს გიორგი სიმონია, რომელიც ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეოთხე კურსის იუნკერია.
გიორგი იმ რჩეულ იუნკერთა კატეგორიას ეკუთვნის, ვისი მონდომებაც აკადემიის ხელმძღვანელობას ყურადღების მიღმა არ რჩება. გამორჩეული დისციპლინისა და მაღალი მოტივაციის დამსახურებაა, რომ იუნკერი სიმონია დღეს "ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამის" ფარგლებში იუნკერთა ბატალიონს ხელმძღვანელობს.
გასულ წელს 21 წლის იუნკერმა წარმატებით გასწია საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის საკმაოდ მძიმე ტვირთი. სამხედრო სწავლებებზე ის ახალწვეულების მომზადების პროცესს ხელმძღვანელობდა.
– რას გულისხმობს "ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამა"?
"ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამა" მიზნად ისახავს იუნკერებში, როგორც მომავალ ოფიცრებში ახალი უნარების გამომუშავებას, პირად შემადგენლობასთან ურთიერთობის დაბალანსების სწავლებას და რაც მთავარია იუნკერების აღზრდას, როგორც მომავლი ოფიცრების, იმ ღირებულებებზე რომელსაც ეფუძნება შეიარაღებული ძალები. ეს ღირებულებებია: "პატიოსნება და შენი ქვეყნის უანგარო სამსახური" - ამბობს გიორგი სიმონია.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები გვეუბნებიან, რომ "ეთა"-ს არსებობა უმნიშვნელოვანესია როგორც სახელმწიფოს თავდაცვის უნარიანობის, ასევე საზოგადოების წინსვლისა და განვითარებისთვის. აკადემიის დამთავრების შემდგომ, იუნკერები უკვე ოფიცრის რანგში აგრძელებენ სამსახურს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში.
ამასვე აპირებს დღევანდელი სტატიის გმირი, თუმცა მანამდე მას როგორც თავად ამბობს კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. თუმცა "ეთა"-ს პროფესორ-მასწავლებლები და სამხედრო ინსტრუქტორები გიორგისა და სხვა იუნკერებს ცოდნა-გამოცდილებას ყოველდღიურად უზიარებენ.
თავის მხრივ გიორგი "ეთა"-ში ინფორმატიკას სწავლობს. ამბობს, რომ ეს პროფესია მნიშვნელოვანია შრომის ბაზარზე. ინფორმატიკის ცოდნას თავდაცვის სფეროშიც ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს.
იმის მიუხედავად, რომ იუნკერი გიორგი სიმონია ხშირ შემთხვევაში მისი ასაკის იუნკერებს მეთაურობს, სუბორდინაციის პრობლემა იუნკერსა და მეთაურს შორის არ არსებობს. გიორგი ამბობს, რომ თავდაპირველად ხარვეზები არსებობდა, მაგრამ მისი თქმით, ყველაფრის სწავლა პროცესში ხდება.
როგორც უკვე იცით, სამხედრო განათლებასთან ერთად ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამოქალაქო განათლების მიღებაც შესაძლებელია.
ეთა-ს ხელმძღვანელობის თქმით, აქაური იუნკერები განსაკუთრებულ გარემოში სწავლობენ. არსებული ინფრასტრუქტურული, სასწავლო და ტექნიკური ბაზები მათ მოტივაციას კიდევ უფრო ამაღლებს, ახალი პროგრამა (ლიდერის ჩამოყალიბების პროგრამა) კი, გიორგი სიმონიას მსგავსად, იუნკერს მათთვის წარმოუდგენელ შესაძლებლობებს სთავაზობს.
გიორგის ვკითხეთ, რას ურჩევდა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მოხვედრის მსურველ ახალგაზრდებს: "მთავარი მაინც სურვილი და შემდეგ მაქსიმალური მონდომებაა" - ამბობს ის.
"თავდაპირველად ისინი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან, რა დროსაც თავადვე დარწმუნდებიან რამდენად სწორი იყო მათი არჩევანი. შემიძლია გითხრათ, დღეს ეთა-ში იუნკერები თავს კარგად გრძნობენ. ისინი იქ არიან სადაც უნდა იყვნენ. ეს მათი სახლია."
გიორგის მიზანი, რომელიც ფაქტობრივად კარს არის მომდგარი, ოფიცრობაა, შორეულ მიზნად კი როგორც ყველა ჯარისკაცი ისიც გენერლობას ისახავს.
მათ საყურადღებოდ კი, ვისაც გიორგის მსგავსად სწავლის გაგრძელება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სურს უნდა გაითვალისწინოს:
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 28 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები აკადემიის შიდა ტურებს გაივლიან, რომელიც ფიზიკურ მომზადებას, სამედიცინო შემოწმებასა და გასაუბრებას მოიცავს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი შემდეგი საგნები ბარდება – ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე ხორციელდება. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაზღვევით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.
სწავლის დასრულების შემდეგ იუნკერი იღებს ბაკალავრის ხარისხს შესაბამის სპეციალობაში და ოფიცრის პირველად სამხედრო წოდებას – "ლეიტენანტი".
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიერ.
მომზადებულია edu.aris.ge-ს მიერ.