სიახლეები

საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია გაიხსნა.  განახლებული ეროვნული თავდაცვის აკადემიის  კომპლექსში  შედის საცხოვრებელი კორპუსები,  სასადილო, საკონფერენციო,  გასართობი ცენტრი,   სასპორტო დარბაზები,  აუზი,  ღია და დახურული ტიპის სასპორტო მოედნები, სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი  და  ადმინისტრაციის შენობა.  მსმენელები უზრუნველყოფილნი არიან  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით,  საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით.  აკადემიის კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას.  აკადემია მოამზადებს ოფიცრებს  ქვეითი, საინჟინრო, ლოგისტიკის, სატანკო, მექანიზირებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვის და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით. 

აკადემიის საბაკალავრო პროგრამები ხორციელდება ორი სკოლის მეშვეობით: ტექნიკურ მეცნიერებათა სკოლა: აეროდრომებისა და საავტომობილო გზების მშენებლობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები. ბიზნესისა და მართვის სკოლა: ზოგადი მენეჯმენტი, ლოგისტიკა და ექსპედირება. აკადემიას ექნება სამაგისტრო სასწავლო განყოფილებაც. დაგეგმილია მსმენელებისთვის გაცვლითი პროგრამები პარტნიორი ქვეყნების საერთაშორისო დონეზე აღიარებულ უმაღლეს სასწავლებლებთან.  

აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. 

დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემია 1993 წლის 28 მაისს დაარსდა. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 8 დეკემბრის დადგენილებით, თავდაცვის ეროვნული აკადემიის ბაზაზე შეიქმნა სსიპ  “დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია“, რომელიც საქართველოში ერთადერთი უმაღლესი სამხედრო სასწავლებელია. 

თავდაცვის აკადემიაში წელს სწავლას 150 მსმენელი იწყებს. ისინი ეროვნული გამოცდების ჩაბარებისა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტირების გავლის შედეგად ჩაირიცხნენ. აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ. ლექციებს მათთან ერთად მსმენელებს უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგებიც ჩაუტარებენ. ბაკალავრიატში სწავლა 4 წლიანი, მაგისტრატურა კი 2 წლიანი იქნება.