ეროვნული თავდაცვის აკადემიას დღეს ახლად ჩარიცხული მსმენელები ეწვივნენ. მომავალმა პირველკურსელებმა აკადემიის მსმენელებთან ერთად ეროვნული თავდაცვის აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მოინახულეს ბიბლიოთეკა, სპორტული კომპლექსი, ყაზარმები, რეკრეაციული ცენტრი, საცურაო კომპლექსი და დეტალურად გაეცვნენ როგორც სასწავლო, ისე საცხოვრებელ პირობებს.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გასულ ეროვნულ გამოცდებზე სხვა სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებლებს შორის ყველაზე დიდი კონკურსი დაფიქსირდა. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სხვადასხვა სპეციალობებზე სულ 166 ადგილზე იყო გამოცხადებული მიღება. აქედან ყველაზე დიდი კონკურსი დაფიქსირდა სამხედრო ავიაციის სპეციალობაზე, სადაც 6 ადგილზე 75 აბიტურიენტი მოდიოდა. შემდეგ ადგილზე გავიდა საერთო საჯარისო მართვა, სადაც 90 ადგილზე 255 აბიტურიენტი ცდილობდა ჩაბარებას.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში რვა სპეციალობაზე იყო გამოცხადებული მიღება. ესენია: საერთო-საჯარისო მართვა, საარტილერიო საქმე, ჯავშან-სატანკო შეიარაღება და ტექნიკა, საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და ტექნიკა, სამხედრო ავიაცია, სამხედრო ლოჯისტიკა, სამხედრო კავშირგაბმულობა და სამხედრო ინჟინერია. ასევე მიღება წარმოებდა ენობრივი მომზადების სკოლაშიც რომელიც აკადემიის ბაზაზე არსებობს.