საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის მეშვიდე გამოშვების ცერემონია გაიმართა. მსმენელებს კურსის (CGS) წარმატებით დასრულება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცა. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებს დიპლომები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.
სამეთაურო საშტაბო კურსი 45-მა მსმენელმა დაასრულა. 44 სასწავლო კვირის განმავლობაში მსმენელებმა გაიარეს კურსები შემდეგ დისციპლინებში: ლიდერობა და მენეჯმენტი, საბრძოლო ოპერაციების საფუძვლები, ბატალიონისა და ბრიგადის ოპერაციები, სამხედრო კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება, სტაბილურობის შენარჩუნება და სამოქალაქო მხარდაჭერის ოპერაციები, თავდაცვის დაგეგმარება და პროგრამული მენეჯმენტი, ომის თეორია და სამხედრო ხელოვნების ისტორია.
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამეთაურო-საშტაბო კურსი სამხედრო განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის მსმენელები მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სამეთაურო-საშტაბო თანამდებობაზე დაინიშნებიან.
სამეთაურო-საშტაბო კურსი, ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით, 2009 წელს დაარსდა. საწყის ეტაპზე, შეიარაღებული ძალების იმდროინდელი მოთხოვნების შესაბამისად, საპილოტე პროგრამა მომზადდა, რომელიც პირველად 2011 წელს ჩატარდა.