სიახლეები

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის მორიგი სამუშაო შეხვედრა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის დაფინანსებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სხვადასხვა თემატური ჯგუფის წევრი ესწრებოდა. სამუშაო შეხვედრა ძირითადად პროექტის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვას დაეთმო, თითოეული ჯგუფის წარმომადგენელს გეგმის მიხედვით განესაზღვრა მასზე დაკისრებული სამუშაო და ამ სამუშაოს შესრულების ვადები.

აღნიშნული შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შესაბამისი პლატფორმის სასწავლო პროცესში დანერგვა, პერიოდულად სასწავლო ბატალიონის იუნკრებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სწავლებების ჩატარება, განსახორციელებელი პიარ აქტივობები და თემატური ვიდეორგოლის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები.

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "INTEGRITY" მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.