სიახლეები

საინფორმაციო კამპანია უთხარი არა პლაგიატს

ეროვნულმა თავდაცვის აკადემიამ ERASMUS+ CBHE ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის დაფინანსებული პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანია "უთხარი არა პლაგიატს" წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც აკადემიის იუნკერებსა და ინსტრუქტორებს პლაგიატის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

აღნიშნული ტრენინგი ორ ეტაპად მიმდინარეობდა პირველ ეტაპზე ლექცია აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ნინო გეწაძემ აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის იუნკერებთან ჩაატარა, ხოლო მეორე ეტაპი სასწავლო ბატალიონის ინსტრუქტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობდა, რომელიც სასწავლო ბატალიონის მეოთხე კურსის უფროსის მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა გიორგი ქავთარაძემ განახორციელა.

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის "INTEGRITY" მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით.

პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია.