სიახლეები

კურსდამთავრებულების გამოშვების ცერემონია

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატისა და ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის დასრულება აკადემიის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. 118-მა ლეიტენანტმა საზეიმო ვითარებაში ფიცი დადო.

სამხედრო ფიცის დადება იუნკერებს, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მიულოცა. სიტყვით მიმართვისას სამშობლოსთვის დაღუპული ჯარისკაცები გაიხსენა და მათ წვლილზე, თავგანწირვასა და სამშობლოსთვის თავდადებაზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება იუნკერების პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციაზე გაამახვილა და კურსდამთავრებულებს, ქვეყნის მშვიდობისთვის წარმატებული სამსახური უსურვა.

ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულ ლეიტენანტებს დიპლომები გადაეცათ და წარმატებული სტუდენტები სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ- მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, აკადემიის რექტორი პოლკოვნიკი ზაზა ჯაფარიძე და კურსდამთავრებულების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

კურსდამთავრებულ იუნკერებს ლეიტენანტის წოდებასთან ერთად, ასევე ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ. ოთხი წლის განმავლობაში იუნკერები სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სამეცნიერო და ტექნიკურ კონფერენციებში, სტუდენტურ დღეებში, საერთაშორისო რეგიონალურ გამოფენაში, სხვადასხვა ინტელექტუალურ თამაშებსა და სატელევიზიო პროექტებში. ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა, რომლებიც კურსზე ჩაბარებამდე უკვე ფლობდნენ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს, მიიღეს ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლება.

კურსდამთავრებული ლეიტენანტები ოფიცრის ძირითად კურსებს სხვადასხვა სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობის მიხედვით გაივლიან, რომლის დასრულებისთანავე გადანაწილდებიან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში უმცროსი ოფიცრის თანამდებობაზე.