საქართველოს თავდაცვის მინისტრი დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდა. 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ირაკლი ალასანიამ თსუ-ის სტუდენტებსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის კურსანტებს საჯარო ლექცია წაუკითხა.
პეტრე მელიქიშვილის სახელობის დარბაზში გამართულ შეხვედრას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე ესწრებოდნენ.
თავდაცვის მინისტრმა გამოსვლა ივანე ჯავახიშვილის სიტყვებით დაიწყო. მინისტრმა 1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციასა და კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში ქართველი იუნკერების ერთკვირიანი თავდადებულ ბრძოლაზე ისაუბრა. ირაკლი ალასანიამ ახალგაზრდებს თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებიც გააცნო და ქვეყნისთვის შეიარაღებული ძალების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ლექციის წაკითხვისას თავდაცვის მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობა სახალხო დიპლომატიის გზით მოგვარდება.
თავდაცვის მინისტრმა თსუ-ის სტუდენტებს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები დავით მებაღიშვილი და ვალერიან ელიზბარაშვილი გააცნო. მათი მამები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ, რის შემდეგაც მათ მშობლების საქმის გაგრძელება გადაწყვიტეს.
„ჩემთვის ძალიან სიმბოლურია, რომ მაქვს შესაძლებლობა უნივერსიტეტში ჩვენი ქვეყნის მომავალთან - სტუდენტებთან ვისაუბროთ საბჭოთა ოკუპაციის შესახებ, ვისაუბროთ იმ საბრძოლო სულზე, რაც ჩვენმა იუნკერებმა გამოავლინეს. მათ არნახულ ძალას დაუპირისპირეს საკუთარი გულწრფელი სიყვარული საკუთარი ქვეყნის მიმართ და გარკვეული პერიოდით შეაკავეს კიდეც მტერი. ამაზე სასაუბროდ ალბათ ყველაზე სწორი ადგილი იქნებოდა უნივერსიტეტი. მადლობელი ვარ სტუდენტების, მადლობელი ვარ უნივერისტეტის ხელმძღვანელობის, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ეს დღე არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც სამწუხარო, ასევე სიამაყის განცდის დღეც, როდესაც ქართველებმა კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, თუ რამხელა საბრძოლო სული და გამოცდილება გაგვაჩნია. ძალიან მიხარია, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებიც არიან. მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ, თუ როგორი სამხედრო ძალები გვინდა მომავალში გვყავდეს. სწორედ ძალა და გამოცდილება მოდის ჩვენი წარსული გმირებისგან და სწორედ იუნკერები - 1921 წელს ჩვენი დამოუკიდებლობის დამცველი სამხედროები არიან ამ მაგალითის მომცემნი“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ისინი სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესდნენ. სტუდენტების კითხვები ძირითადად ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივას, სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას, საოფიცრე კურსების გავლას და სამინისტროში დასაქმების დეტალებს შეეხებოდა.
დღესვე, თსუ-ის რექტორმა თავდაცვის მინისტრს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში უმასპინძლა, სადაც ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა. ირაკლი ალასანიამ საჩუქრად პროფესორ მალხაზ მაცაბერიძის წიგნი „უნივერსიტეტი 1921 წლის თებერვალში“ მიიღო.