დღეს,დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი ზურაბ აგლაძე და კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები გამოცდები, მიღების ვადები და პირობები იყო.
რექტორმა ჟურნალისტებს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მან იმ პირობებზე ისაუბრა, რომელშიც მომავალ მსმენელს მოუწევს სწავლის გაგრძელება. განიხილა უკვე აკრედიტებული რვა საბაკალავრო პროგრამა, სამხედრო და აკადემიური სკოლები. ძირითადი ყურადღება ახალ საბაკალავრო პროგრამებზე გაამახვილა, რომლის აკრედიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მომავალ სასწავლო წელს სასწავლო პროცესი ამ პროგრამების მიხედვით წარიმართება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეკითხვების უმეტესობა ახალ საბაკალავრო პროგრამებს, სწავლის პირობებს და საფასურს შეეხებოდა. რექტორმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხებზე, მან ასევე განმარტა, რომ აკადემიის მთავარი პრიორიტეტი არის მსმენელი და მისთვის ხარისხიანი განათლების მიღება.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა: სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.