დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სკოლის მოსწავლეებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. თბილისის საჯარო სკოლების მოსწავლეებს თავად მსმენელებმა უმასპინძლეს.
მათ დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში მისაღები გამოცდების, სწავლისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ. მსმენელებმა მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და აკადემიაში სწავლის უპირატესობებზეც ისაუბრეს. სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ის პირობები, სადაც მომავალ მსმენელებს მოუწევთ სწავლის გაგრძელება.
სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე მოსწავლეებს საშუალება მიეცათ აკადემიის შეიარაღების ნაწილსაც გაცნობოდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე მიეღოთ პასუხები სამხედრო მოსამსახურეებისგან. შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეებმა მსმენელებთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 29 აპრილიდან იწყება. აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. მიმდინარე წელს აკადემია 150 მსმენელს მიიღებს.
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, უნიფორმით, სამედიცინო მომსახურებით.
აკადემიის კურსდამთავრებული მიიღებს ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას.
აკადემიაში სწავლა სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.