საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გამბიის შეიარაღებული ძალების მეთაური დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას ესტუმრა. გენერალ-ლეიტენანტ მასანე კინტეს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მალხაზ მაკარაძემ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში აკადემიის ხელმძღვანელობამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობა გააცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
გამოცდილების გაზიარების მიზნით გამბიის შეიარაღებული ძალების მეთაური წვრთნებისა და სამხედრო განათლების ცენტრ „კრწანისს“, საქართველოს თავდაცვის ძალების I და IV ბრიგადებს, ასევე გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების აკადემიას, საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) და სსსტც „დელტას“ ეწვევა.