19 მაისს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ონლაინ ფორმატში გაიმართა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები: ინფორმატიკის მიმართულებაზე ,,ინფორმაციული ტექნოლოგიების როლი მსოფლიო პანდემიის დროს’’, მენეჯმენტის მიმართულებაზე ,,მართვის თანამედროვე გამოწვევები’’ ხოლო თავდაცვასა და უსაფრთხოების მიმართულებაზე ,,ეროვნული უსაფრთხოება ადგილობრივ და გლობალურ კონტექსტში’’.
კონფერენციების მომხსენებლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ. საკუთარ ნაშრომებზე მოხსენება გააკეთეს, როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასევე სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების და სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. აღსანიშნავია სამხედრო მკვლევარების მონაწილეობაც, რომლებიც მუშაობენ თავდაცვის ძალებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა მათემატიკური მოდელები და თავდაცვის ძალების საბრძოლო მოქმედებების ოპტიმიზაცია.
ღონისძიების მსვლელობისას, მომხსენებლებმა იმსჯელეს ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: პასუხისმგებლობა და მისგან განრიდება, ინფორმაციული ტექნოლოგიები და პანდემიის მართვა, დიდი სტრატეგიის ცნება და მისი ევოლუცია.
კონფერენცია გამოირჩეოდა თავისი ინტერაქტიულობით და მონაწილეთა მხრიდან მაღალი დაინტერესებით, დაისვა უამრავი შეკითხვა და დაისახა სამომავლო ურთიერთობის გეგმები.