სიახლეები

აშშ-ს საზღვაო ძალების აკადემიის წარმომადგენლები ეთა-ში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მიმდინარე წლის 17-27 მაისის პერიოდში, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სტუმრად იმყოფებოდნენ ამერიკის საზღვაო ძალების აკადემიის წარმომადგენლები - ოთხი კადეტი და პროფესორი, ალან ფრიდმენი. აღნიშნული ვიზიტი სამუშაო-სასწავლო ფორმატში განხორციელდა და მოიცავდა შეხვედრებს აკადემიის ხელმძღვანელობასთან, პროფესორებთან და სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან. ღონისძიების ფარგლებში ვიზიტები ასევე განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროში და გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტში, სადაც სტუმრებმა მოისმინეს ლექციები „ნატო-საქართველოს ურთიერთობებისა“ და „საერთაშორისო მისიებში საქართველოს თავდაცვის ძალების მონაწილეობის“ შესახებ.

სამუშაო შეხვედრების გარდა სტუმრები ჩართულნი იყვნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესებსა და ყოველდღიურ აქტივობებში. აშშ-ს აკადემიის წარმომადგენლები ასევე დაესწრნენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიას შორის თანამშრომლობა მოიცავს მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებს. აშშ-ის საზღვაო ძალების აკადემიაში არაერთი იუნკერი ირიცხება, რომლებიც ამერიკულ განათლებას იღებენ და სასწავლებლის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის ძალებში აგრძელებენ სამსახურს.

ვიზიტის დროს გამოიკვეთა თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და დაიგეგმა აკადემიებს შორის სამომავლო ურთიერთობის გეგმები პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით.