სიახლეები

იტალიის უმაღლესი თავდაცვის სწავლებების ცენტრის წარმომადგენლების ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ დღეს, იტალიის უმაღლესი თავდაცვის სწავლებების ცენტრის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

საქართველოსა და იტალიას შორის არსებული ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი ვიზიტით, აღნიშნული ცენტრის - უმაღლესი განათლებისა და კვლევის მიმართულების ხელმძღვანელი, ბრიგადის გენერალი ფაბიო გუინჩინი და ინტერნაციონალიზაციის განყოფილების ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი ალესანდრო დი ტარანტო იმყოფებოდნენ.

შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს გაცნობითი სახის პრეზენტაციები წარუდგინეს, ისაუბრეს საგანმანათლებლო პროგრამებზე, სამხედრო განათლების სისტემაზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და სამხედრო-საგამოფენო სივრცე დაათვალიერეს.

შეხვედრის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.