სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ეთას იუნკერებისთვის საჯარო ლექცია გამართა

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ეთა-ს იუნკერებისთვის საჯარო ლექცია გამართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმი-ჰოლში“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო სასწავლო პროგრამის იუნკერებისთვის საჯარო ლექცია გამართა. გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა თემაზე - „პარლამენტის უმრავლესობა, მისი პასუხისმგებლობის სფეროები და შეზღუდვები, უმრავლესობის კონტროლის მექანიზმები“. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ახალგაზრდებს საპარლამენტო უმრავლესობის საქმიანობასთან დაკავშირებით საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. საპატიო სტუმარმა იუნკერების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

„საპატიო სტუმრის ლექცია“ ეთა-ს სამაგისტრო სასწავლო პროგრამების ნაწილია, რომლის ფარგლებშიც, იუნკერებს სტრატეგიული დონის თანამდებობის პირები ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების პროცესის, სახელმწიფო უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათზე რეაგირების სახელმწიფო სტრატეგიის მიმართულებით საკუთარ ხედვებს და პროფესიულ გამოცდილებას უზიარებენ.

ღონისძიებას ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე, მოადგილეებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად, დაესწრო.