სიახლეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ეთა-ს იუნკერებისთვის საჯარო ლექცია გამართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ „საპატიო სტუმრის'' სალექციო პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას უმასპინძლა.

შეხვედრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ,,არმი-ჰოლში'' აკადემიის მაგისტრატურის იუნკერებისთვის გაიმართა, რომელსაც თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ - მაიორი გიორგი მათიაშვილი, მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა იოსებ ჯაფარიძემ ახალი სამაგისტრო პროგრამები განიხილა და მაგისტრატურაში მიმდინარე „საპატიო სტუმრის“ პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც სამაგისტრო პროგრამების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მიზნად ისახავს, მაგისტრატურაში სტრატეგიული დონის თანამდებობის პირებისა და კვალიფიციური ექსპერტების მოწვევას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა კახა კუჭავამ მაგისტრანტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ისაუბრა პარლამენტის როლზე, მის ძირითად ფუნქციებზე და საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე.