მიმდინარე წლის 11-13 ოქტომბერს, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აზერბაიჯანის სამხედრო აკადემიის დელეგაცია სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტის უფროსის, პოლკოვნიკ რაშად ქამალ ოღლუ ტაჰიროვის ხელმძღვანელობით. სტუმრებს აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსმა, პოლკოვნიკმა გიორგი ლაღიაშვილმა ცენტრის მთავარ მეცნიერებთან ერთად უმასპინძლა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სამეცნიერო მიმართულებით აზერბაიჯანელი მეცნიერების ვიზიტი აკადემიაში პირველად განხორციელდა.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს სამუშაო შეხვედრა ჰქონდათ აკადემიის მმართველობასთან, შეხვედრის დროს მხარეებმა ერთმანეთს გაცნობითი სახის პრეზენტაციები წარუდგინეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. აზერბაიჯანელ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, როგორც ერთობლივ პუბლიკაციებზე, ისე მხარეთა თანამონაწილეობით სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციების ჩატარებაზე. გამოიკვეთა თანამშრომლობის შესაძლო, პერსპექტიული მიმართულებები.
დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში, დაათვალიერეს ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები.