ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია/პრეზენტაციის ფარგლებში იუნკერთა სასწავლო ბატალიონის IV კურსის იუნკერებისა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის მსმენელებისთვის საქართველოს თავდაცვის ძალებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების გაცნობა გრძელდება.
დღეს, აკადემიაში, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, ვიცე - პოლკოვნიკი შოთა იაძე იმყოფებოდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა, მომავალ ოფიცრებს, ეროვნული გვარდიისა და ავიაციის სარდლობის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარეს და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, სადაც მომავალმა ოფიცრებმა, მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
შეხვედრის ბოლოს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.