საქართველოს შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების ფორმატში, პირველი შეხვედრა დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და მისმა მოადგილემ თამარ ქაროსანიძემ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორს დავით ლორთქიფანიძეს უმასპინძლეს.
ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა მსმენელებს ლექცია თემაზე „საქართველო პირველი ევროპელების ქვეყანა“ წაუკითხა და მათ შეკითხვებს უპასუხა. თავდაცვის მინისტრმა საინტერესო მოხსენებისთვის მადლობა გადაუხადა დავით ლორთქიფანიძეს. ირაკლი ალასანიას თქმით, მსგავსი სახის ღონისძიებები მსოფლიოში კონკურენტუნარიანი შეიარაღებული ძალების შექმნას ემსახურება: „დღეს, მართლაც განსაკუთრებული პატივი იყო იუნკერებისთვის და ჩემთვის. საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ჩვენს ორგანიზაციას გრძელვადიანი გეგმები აკავშირებს. ჩვენ მართლაც გვინდა მოაზროვნე ჯარი, მოაზროვნე ახალგაზრდები გვყავდეს. აქედან გამომდინარე, ასეთი ლექციების კურსი მათ უზრდის და უღრმავებს ცოდნას მეცნიერებაზე, ჩვენს წარსულზე, სამშობლოზე, რომელიც მან უნდა დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში სიცოცხლეც უნდა გასწიროს. ასე რომ, ეს არის ძალიან კარგი წამოწყება, ბატონი დავითი არის მეგობართა საზოგადოების წევრი, რომელიც ჩამოვაყალიბეთ ჩვენს დაბადების დღეზე - 30 აპრილს. უამრავი სხვა ძალიან საპატივცემულო, გამორჩეული საზოგადო მოღვაწეები, ხელოვნების წარმომადგენლები გააგრძელებენ შეხვედრებს აკადემიასა და სხვადასხვა ქვედანაყოფებში, რაც ხელს შეუწყობს არმიისა და საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოებას“.
ლექციის დასრულების შემდეგ, ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნი „შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“, ასევე მუზეუმის კატალოგები და ჟურნალები გადასცა.
დღესვე, თავდაცვის მინისტრმა დავით ლორთქიფანიძეს აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სასწავლო პროგრამა გააცნო.
შეიარაღებული ძალების მეგობართა საზოგადოების ფარგლებში, მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად ჩატარდება, რაც მიზნად ისახავს ქართულ არმიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობის განმტკიცებას, ინტეგრაციასა და ჯარის პრესტიჟის ამაღლებას. მომავალში ასევე, იგეგმება საზოგადოების თვალსაჩინო და საპატიო მოღვაწეების უმაღლეს სამხედრო სასწავლებელსა და სხვადასხვა ქვედანაყოფებში სტუმრობა და ლექციების ჩატარება.