სიახლეები

ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის წარმომადგენლები აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, გაცნობითი სახის ვიზიტით, სტუმრად, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

საქართველოსა და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, სტუმრად იმყოფებოდა ნორვეგიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, კომანდერ ბიორნ ულე გროდასი და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯის (NDUC) დელეგაცია. სტუმრებს რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აკადემიის შტაბის G-5 სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ყავლაშვილი, დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი შალვა გელაძე და ცენტრის წარმომადგენლები.

ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სტუმრებმა მოისმინეს პრეზენტაცია აკადემიის შესახებ და გაეცნენ დისტანციური კვლევითი ცენტრის ფუნქციებს, მიზანს, ასევე ცენტრის ხედვას და დასახულ ამოცანებს.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს დისტანციური სწავლების შესაძლებლობებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და სამუზეუმო სივრცე. ვიზიტის დასასრულს, სტუმრებმა სამახსოვრო ჩანაწერები გააკეთეს აკადემიის სტუმართა ჩანაწერების წიგნში და საჩუქრები გაცვალეს.