თავდაცვის სამინისტროს ARMY HALL-ში ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე სამაგისტრო პროგრამების I და II კურსის იუნკერებს შეხვდა.
გენერალმა მაგისტრანტებს მიულოცა 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება და სამაგისტრო პროგრამების წარჩინებულ მაგისტრანტებს საპატიო სიგელები გადასცა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე ჩაირიცხა 48 მაგისტრანტი, რაც არის ყველაზე დიდი მაჩვენებელი განვლილი წლების განმავლობაში.
განათლება თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, აქედან გამომდინარე თავდაცვის სამინისტროს მოქმედ თანამშრომლებს სისტემატიურად ეძლევათ სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა; ასევე აკადემიის სამაგისტრო პროგრამებზე განათლების მიღების შესაძლებლობა აქვთ სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებსაც. მიმდინარე წელს სამაგისტრო პროგრამების I კურსზე ჩაირიცხა 17 მაგისტრანტი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან.