ეროვნული თავდაცვის აკადემია იწყებს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის გაცნობას რუბრიკით ,,ყოველდღიურობა აკადემიაში''
ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელების სტანდარტული სასწავლო დღე დილის მოწყობა - დათვალიერებით იწყება, რომელიც ასევე შეიცავს სამწყობრო მომზადების ელემენტებს.
აკადემიაში უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლაში 57 მსმენელი სწავლობს, მათ შორის 10 გოგონაა. მათ უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ გადაწყვიტეს სწავლა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაეგრძელებინათ და როგორც მომავალი სამხედრო მეთაურები ჩამდგარიყვნენ თავდაცვის ძალების შემადგენლობაში.
სამწყობრო დათვალიერების შემდეგ მსმენელები ნაწილდებიან აუდიტორიებში, სადაც მათ, ამ ეტაპზე, უტარდებათ სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსი.
სასწავლო პროცესის პარალელურად, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე, აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აკადემიის შტაბის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები ამზადებენ და აწესრიგებენ ბაზას ზამთრის სეზონისთვის.