დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერთა სასწავლო ბატალიონის საწყისი საბრძოლო მომზადების 93-მა კურსდამთავრებულმა სამხედრო ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონიალი ხერთვისის ისტორიული ციხე-სიმაგრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ კურსდამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ყურადღება გაამახვილა ასეთი სახის ღონისძიების, ისტორიულ ადგილზე ჩატარების მნიშვნელობაზე. მან იუნკერებს სამხედრო კარიერული წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა მობრძანებულ სტუმრებს. რექტორმა წარჩინებულ კურსდამთავრებულებსა და ინსტრუქტორებს „საპატიო სიგელები“ გადასცა.
ღონისძიების შემდგომ, აკადემიის რექტორმა იუნკერების მშობლებს ,,ღია კარის დღის“ ფორმატში აკადემიის ბაზაზე უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის საინფორმაციო შეხვედრა პირველად ჩატარდა იუნკერთა მშობლებისთვის. ღონისძიების ფარგლებში მობრძანებულ სტუმრებს პირადად რექტორმა გააცნო პრეზენტაცია აკადემიის შესახებ და მშობლების მიერ დასმულ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. მშობლებმა დაათვალიერეს აკადემიის ინფრასტრუქტურა და გაეცნენ აკადემიის ყოველდღიურობას, ღონისძიების დასასრულს აკადემიის ხელმძღვანელმა პირებმა იუნკერების მშობლებს საპატიო სადილზე უმასპინძლეს.