ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერებისთვის ხორციელდება უცხო ენების ინტენსიური სწავლება, რომელსაც ბაკალავრიატის ენობრივი მომზადების განყოფილება უზრუნველყოფს. იუნკერებს შესაძლებლობა ეძლევათ საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული ინგლისური ენის გარდა, შეისწავლონ როგორც ფრანგული, ასევე გერმანული ენა.
საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში აკადემიაში 2022 წლის 17 ოქტომბრიდან იმყოფება ფრანგული ენის მასწავლებელი იზაბელ სიბილო, რომელიც იუნკერებს სენ-სირის სამხედრო აკადემიის მისაღები გამოცდებისთვის ამზადებს. ქალბატონი იზაბელი აღნიშნავს, რომ აკადემიაში ყველანაირი პირობაა შექმნილი სწავლისთვის და იუნკერები მონდომებული და მოტივირებული არიან. ფრანგული ენის გაკვეთილები მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.
ბაკალავრიატის ენობრივი მომზადების განყოფილებაში 2022 წლის აპრილიდან მუშაობს ამერიკელი მასწავლებელი -ჯოზეფ ბოკუზი, რომელიც ბაკალავრიატის იუნკერებთან ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს ატარებს. მისი მეცადინეობები ძირთადად მოსმენისა და ლაპარაკის უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ორიენტირებული.
,,ბოლო ათი წელია ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ საქართველოში. როგორც ყოფილი ამერიკელი კადეტი, სამოქალაქო საჰაერო პატრულში, ჩემთვის დიდი პატივია, რომ ახლა ვასწავლი ინგლისურ ენას, როგორც მეორე ენას ქართველ იუნკერებს.
ვამაყობ, რომ ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას ვუზიარებ ახალგაზრდა ქართველ იუნკერებს და წვლილი შემაქვს მათი შესაძლებლობების განვითარებაში.“- აღნიშნავს ბატონი ჯოზეფი.
აკადემიის ხელმძღვანელობა მუდმივად ზრუნავს იუნკერების ცოდნის გაღრმავებასა და უცხო ენის მასწავლებლებთან საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე.