ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის იუნკერები თამარ ხადური და გიორგი რჩეულიშვილი მიმდინარე წლის 10-16 აპრილის პერიოდში, იმყოფებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების აკადემიაში ,,საგარეო საქმეთა კონფერენციაზე''.
საზღვაო ძალების აკადემიის საგარეო საქმეთა კონფერენციის მისიაა მსოფლიოს საუკეთესო უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების შეკრება, რათა განიხილონ თანამედროვე პერიოდის საკითხები საგარეო პოლიტიკაში. ეს გამოცდილება ასევე ემსახურება ურთიერთობების განვითარებას სამხედრო ძალების მომავალ ლიდერებს შორის.
,,საზღვაო აკადემიის საგარეო საქმეთა კონფერენციაში მონაწილეობა დიდი გამოწვევა და შესაძლებლობა იყო. განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან და მომავალ ოფიცრებთან ერთად განიხილო პოლარიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებები, მათ შორის შეეხო ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულ საკითხს - ოკუპაციას და შესაბამისად წარმოადგინო და დაიცვა საქართველოს სახელი და ქართული პერსპექტივა. აღნიშნულმა პროექტმა საშუალება მოგვცა მოგვესმინა საინტერესო მომხსენებლებისთვის, მათ შორისაა: კოლუმბიის 33-ე პრეზიდენტი ივან დუკე მარტესი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მრჩეველი მაილს იუ და სხვა მსოფლიოში ცნობილი პროფესორები და თეორიტიკოსები.'' - აღნიშნავს იუნკერი თამარ ხადური.
,,NAFAC ანუ საზღვაო აკადემიის საგარეო საქმეთა კონფერენცია, ჩემთვის დიდი გამოცდილების მომტანი იყო, როგორც მომავალი ოფიცერი, მოხარული ვიყავი აშშ-ს საზღვაო აკადემიაში კონფერენციაზე დასწრებით.
კონფერენციის პირველ დღეს დავესწარი სამხედრო და სამოქალაქო სექტორში სახელგანთქმულ ანალიტიკოსთა გამოსვლებს. შთაბეჭდილება მოახდინა იქაური ექსპერტების პროფესიონალიზმმა და მათმა ცოდნამ. მოვისმინე უამრავი ახალი აზრი და იდეა, რომელიც გამოსადეგი იქნება დღევანდელი საქართველოსთვის.
გამოსვლებზე დასწრების გარდა, საშუალება მქონდა, მონაწილეობა მიმეღო დისკუსიაში ახალგაზრდებთან, რომლებიც წარმოდგენილნი იყვნენ როგორც აშშ-დან, ისე ევროპული ქვეყნებიდან. ეს სესიები უფრო მეტად ფოკუსირებული იყო დემოკრატიასთან და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საკითხებთან.
NAFAC ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. როგორც სამხედრო ოფიცერმა, შევიძინე ღირებული ცოდნა, აზრები და შეხედულებები, დავამყარე ახალი კავშირები. შედეგად კი, უფრო თავდაჯერებულად მივიწევ ჩემი მიზნებისა და ხედვების განხორციელებისკენ'' - გვიზიარებს შთაბეჭდილებას იუნკერი გიორგი რჩეულიშვილი.