ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ფსიქოლოგია და თანამედროვეობა“ გაიმართა.
კონფერენციის გახსნას აკადემიის რექტორის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ლევან ქავთარაძე, ხელმძღვანელი პირები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიების სტუმრებს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ლაღიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები გააკეთეს შემდეგ თემებზე: „სტრატეგიული კომუნიკაციის როლი ორგანიზაციული კონფლიქტების პოზიტიურად გადაწყვეტაში“, „თანამედროვე გამოწვევები განათლების სისტემაში და წარმატებისთვის საჭირო უნარები 21-ე საუკუნეში“, “თვითშეფასებისა და სოციალური განწყობის კვლევა ტიპოლოგიის ჭრილში“ და სხვა.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს საკუთარი თეორიული თუ კვლევითი ასპექტები ფსიქოლოგიის იმ დარგებიდან, რომლებშიც ისინი მუშაობენ სამეცნიერო კუთხით. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებს.
კონფერენციის დასასრულს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ლაღიაშვილმა მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.