სიახლეები

შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის - რადიოკინოს შემოქმედებითი ჯგუფის ვიზიტი

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტის ,,რადიოკინო'' ავტორი და კინორეჟისორი კახა ცხაკაია შემოქმედებით ჯგუფთან ერთად. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლა. შეხვედრას პირველი კურსის იუნკერები დაესწრნენ.

სტუმრებმა ვრცლად ისაუბრეს აუდიო წიგნების კრებულზე ,,თბილისის საგანძურის ძიებაში'', რომელიც აკადემიას საჩუქრად გადასცეს. კრებული მოიცავს იოსებ გრიშაშვილის ოთხ წიგნს: ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა; საიათნოვა; ცხოვრება ალექსანდრე ჭავჭავაძისა; ძველი თბილისის მოკლე სამეტყველო ლექსიკონი. კრებულში ასევე შეხვდებით ავტორების: ნინო ქუთათელაძის, ნინო ჩხიკვიშვილის, როლანდ თოფჩიშვილის და თეიმურაზ გვიმრაძის წიგნებს. ავტორებმა ისაუბრეს ცისფერყანწელების თბილისურ ბოჰემაზე, ეთნოგრაფიაზე, მე-19 და მე 20 საუკუნეების თბილისის რეალურ ისტორიებზე და გმირებზე.

შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო. აღნიშნული პროექტი ქართული კულტურის და ისტორიის პოპულარიზაციას ემსახურება.