ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის ენობრივი მომზადების განყოფილების ინგლისური ენის მასწავლებელი ქალბატონი ლალი ქურდაძე მიმდინარე წლის დეკემბერში იმყოფებოდა რუმინეთის რესპუბლიკაში ქალაქ სიბიუში ნიკოლაე ბალჩესკუს სახმელეთო ძალების აკადემიაში. ვიზიტი განხორციელდა ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა მასწავლებლების მობილობას პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
ვიზიტის დროს ქალბატონი ლალი გაეცნო აკადემიის ინფრასტრუქტურას, შევხვდა რუმინელ კოლეგებს და კადეტებს. დაესწრო პრაქტიკულ მეცადინეობებს ინგლისურ ენაში და აგრეთვე საშუალება მიეცა კადეტებთან სხვადასხვა სახის აქტივობების განხორციელების. საკლასო აქტივობები ეხებოდა სამხედრო ტერმინოლოგიას და მის სწორად გამოყენებას კონტექსტში; გაიმართა დისკუსია სხვადასხვა თემებზე, ეს აქტივობები განხორციელდა წყვილებში და ჯგუფურად.
კადეტებმა მოისმინეს პრეზენტაცია საქართველოს შესახებ. მათი მხრიდან დასმულ შეკითხვებს მოჰყვა საინტერესო დიალოგი კულტურულ ტრადიციებსა და ღირებულებებზე. მათ გამოთქვეს მოსაზრებები თუ რა არის ‘’კულტურული შოკი’’ და რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყნის კულტურული ღირებულებების ცოდნა. ქალბატონ ლალის საშუალება მიეცა გაცნობოდა რუმინელ კოლეგების გამოცდილებას და მათ სწავლების მეთოდების შეფასების სისტემას.
გაცვლითი პროგრამები ემსახურება ეროვნული თავდაცვის აკადემიის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის უცხოელ კოლეგებთან გაზიარებას და ამავდროულად ახალი გამოცდილების ცოდნის შეძენას. საერთაშორისო გამოცდილება არის მოტივაცია და პროფესიული ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.