ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბავშვებისა და ახალგზარდების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფის კომისიის გადაწყვეტილებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის მესამე კურსის წარჩინებულ იუნკერებს ლაშა აბულაძესა და გიორგი გვალიას ზუგდიდის მერის სტიპენდია დაენიშნათ.
სტიპენდიანტების დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქ ზუგდიდში, ნიკო დადიანის სასახლეში გაიმართა. ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ წარჩინებულ იუნკერებს მერის სტიპენდიანტის სერთიფიკატები საზეიმო ვითარებაში გადასცა და წარმატებები უსურვა.
,,ჩემთვის, როგორც ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერისთვის დიდი პატივია მერის სტიპენდიანტის სტატუსის მიღება. გულწრფელ მადლობას ვუხდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ეროვნული თავდაცვის აკადემიას გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ეს მიღწევა მიძლიერებს რწმენას იმისა, რომ განათლებისკენ დაუღალავი სწრაფვა არასოდეს რჩება შეუმჩნეველი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სტიპენდია არ არის მხოლოდ ჯილდო, იგი სიმბოლურად გამოხატავს დაფასებას იმ შრომისმოყვარეობისა, რომელსაც იუნკერები აკადემიის სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის მხარდაჭერით ავლენენ.’’-აღნიშნავს იუნკერი ლაშა აბულაძე.