სიახლეები

დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშეს ვიზიტი აკადემიაში

ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოს თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი იენს ერიკ ჰიორტი და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათ აკადემიის რექტორის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ლევან ქავთარაძემ და რექტორის მოადგილემ, პოლკოვნიკმა დავით რაზმაძემ უმასპინძლეს.

სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. დანიელმა სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურაც დაათვალიერეს. რექტორის პირველმა მოადგილემ დანიის თავდაცვის ატაშეს მადლობა გადაუხადა დანიური მხარის მიერ ეროვნული თავდაცვის აკადემიისთვის გაწეული მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. აღსანიშნავია, რომ ეროვნული თავდაცვის აკადემია დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯთან სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მიმართულებით თანამშრომლობს. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წელს ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის ჩატარება იგეგმება.

მსგავსი სახის შეხვედრები ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას უწყობს ხელს და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.