სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მერვე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მერვე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა, რომელიც აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 12 ქვეყნის 62 მონაწილე  სტუმრობდა 19 სხვადასხვა ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, საბერძნეთი, იორდანიის, აზერბაიჯანის,  პოლონეთის, რუმინეთის, იტალიის, ჩრდილო მაკედონიის, თურქეთის, შვედეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები იღებდნენ.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეებიი ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის აკადემიურ, სამხედრო და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში. საერთაშორისო კვირეულის პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანი იყო: სასწავლო დაწესებულებების პრეზენტაციებით, საერთაშორისო კულტურის საღამოებით, სპორტული შეჯიბრებებით და ექსკურსიებით.
საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებლთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.
,,უპირველეს ყოვლისა, მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი მადლობა პირადად თქვენი და თქვენი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ, ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობისთვის. მიგვაჩნია, რომ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ქართველ მონაწილეებს და ჩვენს უცხოელ სტუმრებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ და ისწავლონ ერთმანეთისგან. თქვენი მონაწილეობა გულისხმობს ჩვენს უნივერსიტეტებს შორის მყარი კავშირების ჩამოყალიბებას და განვითარებას განათლებისა და კულტურის კუთხით.
გარდა ამისა, საშუალებას იძლევა კიდევ უფრო გაამყაროს პარტნიორობა სამხედრო განათლების სფეროში. ამიტომ, ეროვნული თავდაცვის აკადემია სხვა უცხოურ პარტნიორ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცდილობს გაიზიაროს საუკეთესო პრაქტიკა და მოამზადოს კვალიფიციური ოფიცრები, რომლებიც ეფექტურად იმსახურებენ საქართველოს თავდაცვის ძალებში.
კადეტთა საერთაშორისო კვირეული ავითარებს მეგობრულ კავშირებს და აყალიბებს ურთიერთობებს სხვადასხვა ერის მომავალ ლიდერებს შორის. ეს გაძლევთ ყველას შესანიშნავ შესაძლებლობას შეიცნოთ მეტი საქართველოსა და მისი კულტურის შესახებ.
დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს ქვეყნებში დაბრუნდებით დაუვიწყარი მოგონებებით საქართველოზე!’’ - აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.