2024 წლის 15 იანვრიდან 16 მაისის ჩათვლით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის სკოლის ენობრივი განყოფილების ორი პედაგოგი ქეთევან გოგოლაძე და ლალი ქურდაძე იმყოფებოდნენ კანადის ქალაქ სენ-ჟენში. მათ წარმატებით გაიარეს და დაასრულეს სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი , რომელიც მიმდინარეობდა კანადის შეიარაღებული ძალების ენების სკოლაში, სამხედრო მომზადებისა და ურთიერთთანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
უნდა აღინიშნოს კურსის მრავალფეროვანი შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა არა მარტო სემინარებს თუ როგორ შეიძლება ვასწავლოთ კითხვა, მოსმენა, წერა, ლაპარაკი ,ახალი სიტყვები კომუნიკაციურ მეთოდზე დაფუძნებით; როგორ შევადგინოთ ეფექტური გაკვეთილის გეგმა; როგორ გავხდეთ ეფექტური მასწავლებელი და რა არის სწავლების ფილოსოფია, არამედ მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანას. განხორციელდა გაკვეთილებზე დაკვირვება, უცხოელ მასწავლებლებთან წყვილში სწავლება საკლასო ოთახში და დამოუკიდებელი პრაქტიკული სავარჯიშოების ჩატარება.
კურსის მიზანი იყო ინგლისური ენის სწავლების სტრატეგიების გაცნობა და მათი პრაქტიკულად დანერგვა საკლასო ოთახში, კერძოდ, თუ როგორ შეიძლება ენის ოთხივე უნარის სწავლება საკომუნიკაციო მეთოდის გამოყენებით და მათი პრაქტიკულად განხორციელება საკლასო ოთახში. კურსის განმავლობაში მოხდა ასევე საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება უცხოელ კოლეგებთან.
კურსის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების და ტრადიციების უკეთ გაცნობას.