სიახლეები

აშშ-ს ფლორიდის შტატში ქ. ორლანდოში გამართული ინდუსტრიული სწავლების კონფერენცია

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ს ფლორიდის შტატში, ქ. ორლანდოში გამართულ ინდუსტრიული სწავლების, სიმულაციისა და განათლების კონფერენციაზე დაესწრნენ ეროვნული თავდაცვის აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი სხირტლაძე და დისტანციური სწავლების ცენტრის სწავლების ადმინისტრატორი ნინო კანდელაკი.

აღნიშნული კონფერენცია მსოფლიოში უდიდესი ღონისძიებაა მოდელირების, სიმულაციისა და ტრენინგის მიმართულებით, რომელიც მოიცავს კვლევითი სტატიების პრეზენტაციებს, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოფენებს და სხვა. ღონისძიების ორგანიზატორია აშშ-ის ეროვნული ტრენინგისა და სიმულაციის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას სწავლების, განათლების ანალიზისა და მასთან დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით.

ღონისძიების ფარგლებში აკადემიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს სასწავლო ტექნოლოგიების გლობალური პარტნიორობის ქსელის დირექტორატის შეხვედრაში, სადაც დისტანციური სწავლების ცენტრის უფროსმა წარადგინა მოხსენება ცენტრის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ.