დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალი სასწავლო-შემეცნებითი სივრცეები „უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ერის ბრძოლის ისტორიის; ქართველთა ლაშქრობების და ბრძოლების; გაერთიანებული საქართველოს მეფეების და სამხედრო ძალების ევოლუციის“ კაბინეტები გაიხსნა.
აღნიშნული სივრცეები აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ სასწავლო ბატალიონის იუნკერებთან და აკადემიის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გახსნა.
სასწავლო-შემეცნებით სივრცეში გამოფენილია სხვადასხვა ეპოქაში საქართველოს სამხედრო ძალების ლაშქრობების და ბრძოლების, გაერთიანებული საქართველოს მეფეების, სამხედრო ძალების ევოლუციის და ქართველი ერის ბრძოლის ამსახველი ფოტომასალა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ.
ასეთი სახის სივრცეები აკადემიის იუნკერებს და მსმენელებს ეხმარება თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული სახით და ვიზუალური აღქმით მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია აღნიშნულ თემატიკაზე.