ეროვნული თავდაცვის აკადემიაში რიგით მეცხრე კადეტთა საერთაშორისო კვირეული გაიმართა, რომელიც აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
აკადემიას, ღონისძიების ფარგლებში 65 მონაწილე სტუმრობდა 16 სხვადასხვა ქართული და უცხოური საგანმანათლებლო დაწესებულებიდან.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას აშშ-ის, კანადის, ბელგიის, იტალიის, აზერბაიჯანის, პოლონეთის, რუმინეთის, მაკედონიის, თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის სამხედრო სასწავლებლების კადეტებთან ერთად საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები და აკადემიის იუნკერები იღებდნენ.
კვირეულის ფარგლებში მონაწილეები ჩართული იყვნენ სხვადასხვა სახის სამხედრო, აკადემიურ და კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში. საერთაშორისო კვირეულის პროგრამა დატვირთული და მრავალფეროვანი იყო: სასწავლო დაწესებულებების პრეზენტაციებით, ტრადიციული კულტურის საღამოებით, სპორტული შეჯიბრებებით და ექსკურსიებით.
საერთაშორისო კვირეული მიზნად ისახავს საზღვარგარეთის წამყვან უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებლთან თანამშრომლობის განმტკიცებას, ასევე სტუმრებისათვის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ზოგადად, საქართველოს გაცნობას.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გულწრფელი მადლობა გადაუხადო თქვენ სასწავლებლებს ინტერესის გამოხატვისა და ღონისძიებაში მონაწილეობის გამო. თქვენი ჩართულობა დიდი პატივია ჩვენთვის და ამავდროულად თქვენს დაწესებულებებსა და ჩვენს აკადემიას შორის მჭიდრო პარტნიორობას წარმოადგენს. სიამაყით აღვნიშნავ, რომ წელს ვმასპინძლობთ 65 მონაწილეს 16 სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებიდან. მათ შორისაა როგორც ქართული, ისე საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები.
ამ ღონისძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ის წარმოადგენს განსაკუთრებულ პლატფორმას გაცვლითი პროგრამების, სწავლისა და თანამშრომლობისთვის. იგი ხელს უწყობს პროფესიონალური კავშირების განმტკიცებას ქართველ იუნკერებსა და მათ უცხოელ თანატოლებს შორის.
აღნიშნული ღონისძიება გვეხმარება ერთმანეთის კულტურისა და საგანმანათლებლო მიდგომების უკეთ გაგებაში; გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებასა და მომავალი კავშირების გაღრმავებაში ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და პარტნიორი ქვეყნების სასწავლებლებს შორის.
კადეტთა საერთაშორისო კვირეული გთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას შეიძინოთ მეგობრები, დაამყაროთ კავშირები და გაიზიაროთ ფასდაუდებელი გამოცდილება მომავალ ლიდერებთან ერთად. ის ასევე გაძლევთ შესაძლებლობას, გაეცნოთ საქართველოს მდიდარ კულტურას, ტრადიციებსა და ისტორიას - იმ ერის ისტორიას, რომელიც ყოველთვის გულთან ახლოს ინახავდა ღირსების, ქვეყნის სამსახურისა და სიყვარულის ღირებულებებს.
მჯერა, რომ საერთაშორისო კვირეულის ღონისძიებაზე თქვენ არა მხოლოდ შეიძენთ ახალ მეგობრებს, არამედ მიიღებთ გამოცდილებას, რაც დაგეხმარებათ, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში.
ღონისძიების დასასრულს კი, დარწმუნებული ვარ, რომ აქედან დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით წახვალთ. დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენს ქვეყნებში დაბრუნდებით დაუვიწყარი მოგონებებით საქართველოზე’’ - აღნიშნა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ.