ეროვნული თავდაცვის აკადემიის ბაკალავრიატის სკოლის ენობრივი განყოფილების პედაგოგი თამარ პაპელიშვილი იმყოფებოდა კანადის ქალაქ სენ-ჟენში, სადაც გაიარა მასწავლებლის მეთოდოლოგიის სერტიფიცირებული ტრენინგ-კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა მისი პროფესიული უნარების გაღრმავებას და სწავლების თანამედროვე მიდგომების დაუფლებას.
კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ კომპონენტებს, რაც მონაწილეს შესაძლებლობას აძლევდა მიღებული ცოდნა რეალურ სასწავლო გარემოში გამოეყენებინა. თეორიულ ნაწილში ტრენინგი ფოკუსირებული იყო თანამედროვე პედაგოგიურ პრინციპებზე, სწავლების ინოვაციურ მიდგომებზე, მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაზე და სწავლების დიფერენცირებულ სტრატეგიებზე, მათ შორის სწავლების მიდგომებს რომლის მიზანია სხვადასხვა საჭიროებების, ინტერესებისა და უნარების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა გახდეს მაქსიმალურად ეფექტური და მორგებული. ტრენინგი ასევე ეფუძნებოდა ეფექტური სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების მეთოდებს. პარალელურად, პრაქტიკული სესიები ითვალისწინებდა მრავალფეროვან სამუშაო ფორმატებს, სალექციო გეგმების შედგენას, ლექციაზე საკომუნიკაციო უნარების განვითარებას, აქტიურ თანამშრომლობას უცხოელ პედაგოგებთან და სალექციო პროცესებზე დაკვირვებას. მსგავსი გამოცდილება ხელს უწყობს პედაგოგების მოტივაციას, ახალი ცოდნით აღჭურვას, პროფესიულ ზრდას და მათ სრულფასოვან ჩართულობას როგორც თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ასევე სასწავლო პროცესებში.
კურსის განმავლობაში გაიმართა საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები, რამაც ხელი შეუწყო მონაწილე ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებას და თანამშრომლობას.