ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის ბრიგადის გენერალ მამია ბალახაძის მიმართვა 2026 წელი
საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების თანამედროვე გარემო და სახელმწიფოს წინაშე მდგომი გამოწვევები განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს ეროვნული თავდაცვის სისტემას. ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცება და თავდაცვისუნარიანობის მდგრადი განვითარება პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო მომავალი თაობის ოფიცერთა პროფესიულ, ინტელექტუალურ და ზნეობრივ ჩამოყალიბებას. ამ პროცესში გადამწყვეტ როლს ასრულებს სამხედრო საგანმანათლებლო სისტემა, რომლის ამოცანაა ისეთი სამხედრო ლიდერების აღზრდა, რომლებიც ფლობენ თანამედროვე სამხედრო ცოდნას, კრიტიკული და სტრატეგიული აზროვნების უნარს, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების პასუხისმგებლობას და მზადყოფნას - უანგაროდ ემსახურონ საქართველოსა და მის ეროვნულ ინტერესებს, შესაბამისად:
დემოკრატიული, ძლიერი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის უზრუნველყოფა ეროვნული ფასეულობების, ღირებულებების, ლიდერისთვის დამახასიათებელი აუცილებელი უნარ-ჩვევების, საუკეთესო სამხედრო და აკადემიური განათლების მქონე, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოფიცერთა შემადგენლობით.
აღნიშნული ამოცანის შესრულების მიზნით, აუცილებელია აკადემიაში უზრუნველყოფილ იქნას იუნკერთა სასწავლო ბატალიონის, უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის, სპორტისა და ფიზიკური მომზადების განყოფილების, ბიბლიოთეკის, სპორტული კომპლექსის, ინოვაციების, სამეცნიერო-კვლევითი, საგამოცდო და დისტანციური სწავლების ცენტრების ეფექტიანი ფუნქციონირება.
აკადემიის საქმიანობა დაფუძნებული უნდა იყოს იუნკერზე/მსმენელზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნაზე. აკადემიაში დასაქმებულმა მაღალი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო/სამოქალაქო მოსამსახურეებმა, ინსტრუქტორებმა, სამეცნიერო, აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა, უნდა უზრუნველყონ იუნკერთა და მსმენელთა აღზრდა შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით: სამშობლო, ღირსება, ერთგულება, სიმამაცე, პატივისცემა, პატიოსნება, ცოდნა და უანგარო სამსახური.
მომავალი ღირსეული და პროფესიონალი ოფიცრების აღზრდისთვის აკადემია ახორციელებს ლიდერობის პროგრამას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სამხედრო ლიდერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება. აღსანიშნავია, რომ აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ამოცანით მართვის ფილოსოფიის გააზრებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. „ამოცანით მართვის“ კულტურის დანერგვით აკადემიის კურსდამთავრებულებს, შემდგომში როგორც უმცროს მეთაურებს საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ ინიციატივის გამოჩენა, გონივრული რისკების აღება და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
ოფიცრის საწყისი სამხედრო განათლების სტანდარტების მისაღწევად აკადემიაში დანერგილია და ხორციელდება სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამები და სამხედრო კურსები (სამხედრო საქმე), რომლებშიც ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს სამხედრო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება-გაძლიერებაზე.
აღსანიშნავია, რომ აკადემია ახორციელებს ისეთ სამხედრო სწავლებებს, როგორებიც არის: მარტოხელა მებრძოლის, სამთო მომზადების, წყალზე მომზადების, აერომობილური მომზადების კურსებს, ზამთრის ტაქტიკურ სწავლებას რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, ახლო მანძილზე სროლებს (სტრესული სროლები), უპილოტო საფრენი აპარატების (დრონები) სწავლებას, HC2 Patrool-ის სწავლებას, სიმულაციური ტაქტიკურ სწავლებას JTEC-ში და სხვ.
აღნიშნულ კურსებს/სწავლებებს იუნკერები ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების შესაბამის ბაზებზე გაივლიან.
აკადემია, როგორც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მუდმივად დგას მრავალმხრივი გამოწვევების წინაშე. ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე, უპირველეს მიზანს წარმოადგენს, აკადემიის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. აკადემიის მიზანია იუნკერებისა და მსმენელებისათვის ისეთი სახის თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიცემა, რაც დააკმაყოფილებს თავდაცვის სისტემაში არსებულ საჭიროებებს. გარდა ამისა, აკადემია მუდმივად უნდა იყოს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე საგანმანათლებლო სივრცეში არსებულ მოთხოვნებთან თანხვედრაში.
აკადემია ბოლონიის პროცესის მიზნების მისაღწევად წარმატებით ახორციელებს: სწავლა/სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ინტერნაციონალიზაციას, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უწყვეტ თანამშრომლობას, იუნკერების/მსმენელებისა და აკადემიის პირადი შემადგენლობის გაცვლით პროგრამებს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში. ზემოხსენებული აქტივობების მეშვეობით, აკადემია სრულად აკმაყოფილებს საგანმანათლებლო პროგრამების მიმართ არსებულ როგორც შიდასახელმწიფოებრივ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს.
აკადემიის პირადმა შემადგენლობამ, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო პირებმა კიდევ უფრო მეტად უნდა გაითავისონ აკადემიის მნიშვნელობა და როლი მომავალი სამხედრო ლიდერების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, რაც უზრუნველყოფს აკადემიის მზაობას - წარმატებით გაართვას თავი მის წინაშე არსებულ ყველა გამოწვევას.
2025 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანალიზის შემდგომ, 2026 წლისათვის აკადემიის საქმიანობის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის აკადემიის ძირითად პრიორიტეტებს წარმოადგენს ინსტიტუციური განვითარება, ნატო-ს აკრედიტაცია, არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება და სამაგისტრო პროგრამაზე სამხედრო, სახელმწიფოს უსაფრთხოების სფეროში დასაქმებული და სამოქალაქო პირების მიღება. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაუმჯობესება, დისტანციური სწავლების ცენტრის კიდევ უფრო განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება. ასევე, იუნკერთა/მსმენელთა სამხედრო მომზადების დონის ამაღლება და მათთვის ახალი კურსების შეთავაზება.
2025 წელს შექმნილ ოკუპაციის მუზეუმს, გაერთიანებული საქართველოს მეფეების, ქართველთა ლაშქრობების და ბრძოლების, სამხედრო ძალების ევოლუციის, უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ქართველი ერის ბრძოლის ისტორიის, ქართული ფორტიფიკაციისა და საბრძოლო იარაღის განვითარების სასწავლო-შემეცნებით სივრცეებს დაემატება ახალი სასწავლო სივრცეები. აგრეთვე გაგრძელდება პირად შემადგენლობაზე ზრუნვა, სოციალური პაკეტის გაუმჯობესება, სტიპენდიების მატება, ბაზის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლოჯისტიკური განვითარება, აკადემიის შესახებ ცნობადობის ამაღლების ღონისძიებები და სხვა.
ჩემთვის დიდი პატივია ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალებს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის მეთაურის რანგში. ჩვენ, აკადემიის სამეთაურო რგოლი, პირად შემადგენლობასთან ერთად, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა მიღწეულ იქნას აკადემიის მიერ დასახული მიზნები და ამოცანები.
აკადემიის წინაშე დასახული მიზნებისა და ამოცანების უზრუნველსაყოფად, წარმოგიდგენთ 2026 წლის ხედვას, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტს.
იხილეთ:https://shorturl.at/rcCK8