დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობამ, პირადმა შემადგენლობამ და იუნკერებმა ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს და აკადემიაში მდებარე გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
აკადემიის კაპელანმა დეკანოზმა გიორგი გაბლიშვილმა კი, დაღუპული ქართველი მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში აკადემიის იუნკერებმა კოჯორში 1921 მეტრზე სიმბოლური გარბენიც განახორციელეს, რომელიც 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკერების ხსოვნას მიუძღვნეს. იუნკერებმა კოჯორში ის ადგილები მოინახულეს, სადაც 1921 წლის თებერვალში საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალგაზრდებმა კოჯორში შემორჩენილი სანგრები დაათვალიერეს და საბრძოლო მოქმედებების შესახებ აკადემიის სამხედრო ისტორიკოსის გიორგი ბერიძის ლექცია მოისმინეს.
ასევე აკადემიის იუნკერებმა 1921 წლის თებერვალში დაღუპულ გმირებს სპექტაკლიც „იუნკერები“ მიუძღვნეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.