სსიპ — დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები ვახტანგ დანელია და ლადო გოგოლაძე, რიშელიეს საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კანადაში, სენტ-ჟანის სამეფო სამხედრო კოლეჯში იმყოფებოდნენ.
რიშელიეს საერთაშორისო კვირეული აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო აკადემიების სტუდენტებს და მიზნად ისახავს აკადემიური და კულტურული აქტივობების ხელშეწყობას. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ფილიპინების სამხედრო აკადემიის, კორეის საჰაერო ძალების აკადემიის, ნორვეგიის სამხედრო კოლეჯისა და ბელგიის სამეფო სამხედრო აკადემიის კადეტები.
ვიზიტის ფარგლებში იუნკერებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ გამართულ სტუდენტურ კონფერენციაში, აგრეთვე დაესწრნენ ლიდერობის თემაზე გამართულ კონფერენციას. ასევე მოინახულეს კანადის მე-2 დივიზიის სამხედრო ბაზა და დაათვალიერეს ქალაქ კვებეკის ღირსშესანიშნაობები.
საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობა იუნკერებისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილებაა, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერებას და მომავალი სამხედრო ლიდერების ჩამოყალიბებას.